ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქესა და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში წერია. პერსონალური სანქციები ათი წლის ვადით განისაზღვრა და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ასევე ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას. ამასთან, სანქცირებულ კომპანიებს უკრაინის ტერიტორიის გავლით პროდუქციის ტრანზიტი ეკრძალება.
უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების 402-ე დღეა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რვა რეგიონზე განახორციელეს იერიში. დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს ხუთი თვის ბავშვი და მისი ბებია დაიღუპნენ, დედ-მამა კი დაშავდა.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 54-ჯერ დაბომბეს. მათ შორის ხუთჯერ დაიბომბა ქალაქი ხერსონი. ჭურვები საცხოვრებელ უბნებს, კერძო და მრავალბინიან სახლებს მოხვდა. თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.