უკრაინის ქალაქების დაბომბვა გრძელდება. გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი საწვავის შესანახი ობიექტების განადგურებაზეა ორიენტირებული. რუსი ოკუპანტების მოქმედებების მიზანია, ლოგისტიკური მხარდაჭერის გართულება და ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა. გენშტაბის ცნობებით, ამავდროულად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, კიევის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონების ოკუპირებულ დასახლებებში ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებენ. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებებით. დღეს ასევე დაგეგმილია ჰუმანიტარული დერეფნის სამი მიმართულებით გახსნა.