უკრაინაში აფეთქებები და სროლა არ წყდება. ბერდიანსკში პორტი იწვის. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა საწვავის ცისტერნები ააფეთქეს. უკრაინელმა სამხედროებმა კი რუსული სადესანტო ხომალდი „ორსკი“ გაანადგურეს. საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ ჩერნიგოვის დაკავებას, ქალაქი ინტენსიურად იბომბება. ამის პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ – ამ ინფორმაციას ამერიკელი მაღალჩინოსნები ავრცელებენ. რუსი სამხედროები ამჟამად დედაქალაქიდან 55 კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან, ერთი დღით ადრე კი, ეს დისტანცია 25-35 კილომეტრი იყო. რაც შეეხება კიევის დასავლეთით არსებულ ვითარებას, 20 კილომეტრის მოშორებით საოკუპაციო ძალები თხრილებს ავლებენ და პოზიციებს ამაგრებენ. ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასის მიდამოებში უფრო გააქტიურებული არიან. ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, კიევის ოლქში 12 ათასამდე რუსი ოკუპანტია, მათგან 3 000 ალყაშია. ხარკოვის მერის განცხადებით კი ქალაქში განადგურებულია ათასამდე საცხოვრებელი სახლი. კომუნიკაციებს მოწყვეტილია ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი იზიუმიც, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა. გასული ღამის განმავლობაში დაიბომბა კალინოვკასა და გორენკას დასახლებები. გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით განაღმვა სჭირდება 82 ათას კვადრატულ კილომეტრ ფართობს. ისევ ალყაშია მარიუპოლი. ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. წინა დღით, მარიუპოლიდან 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ზაპოროჟიეს ოლქში გადაიყვანეს, თუმცა, 100 ათასამდე პირი კვლავ მარიუპოლში რჩება. ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლს არ მიეწოდება წყალი, საკვები, გათბობა. მოსახლეობის დიდ ნაწილს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. საერთო ჯამში, ლუგანსკის ოლქის ქალაქებიდან მასიური დაბომბვის პირობებში თავის დაღწევა 700-მდე ადამიანმა შეძლო. ხელისუფლება ზმეინის კუნძულზე დაკავებული მეზღვაურების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ვიცე პრემიერის თქმით, ტყვედ იმყოფება 11 მეზღვაური. გამოცემა „ინსაიდერმა“ დაადასტურა კიევში, ჟურნალისტის, ოქსანა ბაულინას დაღუპვა, ბაულინა პოდოლსკის რაიონში გადაღებაზე იმყოფებოდა და სარაკეტო თავდასხმაში მოყვა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი თანმხლები პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.