უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. დაიბომბა კიევის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის რამდენიმე რაიონში წყლისა და დენის მიწოდება შეზღუდულია. გავრცელებული ცნობით, დღეს დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა იყო. დაიბომბა ხარკოვი და ვინიცა. სარაკეტო იერიშების გარდა, 30-ზე მეტი შეტევა განხორციელდა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.
გავრცელებული ცნობით, ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას განაგრძობს და რუსეთს, ბელარუსის ტერიტორიაზე ცალკეული შენაერთები გადაჰყავს. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ჯარები ახორციელებენ მოსამზადებელ სამუშაოებს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან საარტილერიო ნაწილების გასაყვანად. ამასთან, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.