უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიის მედესანტეების დანაყოფი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის შესასვლელთან იმყოფება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ, რომ ქალაქი სრულ ალყაშია მოქცეული, სადაც 5 000 რუსი ჯარისკაცია ჩარჩენილი. გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხელმძღვანელობას ქალაქიდან გასვლის თხოვნით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.
უკრაინის არმიის დანაყოფებმა ლიმანთან კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამასთან, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამოქალაქო ობიექტების სარაკეტო და საავიაციო დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაზარალდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც. დაზიანებულია სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ელექტროქვესადგური.