რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ განაგრძობენ უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს. თავდასხმა ამჯერად ხარკოვის ოლქზე განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი უბნები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებით, ქვემეხებით, ყუმბარმტყორცნებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით მიიტანეს იერიში სუმის ოლქზეც. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები.
პარალელურად, უკრაინის არმია წარმატებულ ოპერაციას აგრძელებს ქვეყნის სამხრეთში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რუსი სამხედრო და 40 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების შედეგად ნოვაია კახოვკაში შეჩერდა სარემონტო სამუშაოები ხიდზე და დაიბომბა სამხედრო ტექნიკის კოლონა, რომელიც დნეპრის გადაკვეთისთვის ემზადებოდა.