კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. დედაქალაქი ისევ იბომბება. ჭურვი 10 და 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. წინასწარი მონაცემით, გარდაცვლილია ორი ადამიანი. ერთი მძიმედ დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. აფეთქების შედეგად დაზიანდა მეტროსადგურ ლიკიანოვსკაიას ფასადი. გასული დღის განმავლობაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით უსაფრთხო ტერიტორიებზე 4 000-მდე ადამიანი გაიყვანეს. 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან, მხოლოდ შვიდი მოქმედებს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი იუწყება. ეროვნული პოლიციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა გოსტომელიდან საევაკუაციო კოლონას ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ჩერნიგოვოში კი, რუსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ მარიუპოლშია, სადაც ალყაში მყოფი მოსახლეობა სურსთის, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის. როვნოს ოლქში კი ტელეანძაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ცხრა პირი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. გვიან ღამით დაიბომბა ხარკოვი. ხანძარი გაჩნდა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე. პენტაგონში აცხადებენ, რომ შაბათ-კვირას მიღწეული მცირე პროგრესის მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა შეტევა მოგერიებულია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დელეგაციის მუშაობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და პროცესი დღესაც გაგრძელდება.