რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება საქართველოდან

საქართველოდან აშშ-ში კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის, ანდრეი ტიურინის ექსტრადირება განხორციელდა. შტატების საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს და ვაშინგტონის მოთხოვნით, აშშ-ს გადასცეს.

რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება აშშ-ის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და ფინანსურ საკითხებზე მომუშავე მედიასაშუალებების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერთავდასხმა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიუ იორკის სამხრეთ რაიონის პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ექსტრადირების პროცედურაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

ბერმანის თქმით, 35 წლის ანდრეი ტიურინი გლობალური ჰაკერული კამპანიის მონაწილე იყო. მისი ქმედებების შედეგად, 80 მილიონი ადამიანი დაზარალდა.