„რთველი 2024“

კახეთში რთველი აქტიურია. დაბინავებულია მოსავლის დიდი ნაწილი – 205 ათასი ტონა ყურძენი. მათ შორის 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი და 97,2 ათას ტონამდე საფერავი. 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. ამ ეტაპისთვის 15 ათასზე მეტმა მევენახემ უკვე დააბინავა მოსავალი. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 287 მლნ ლარს აღწევს. მევენახეების მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. 1 კგ რქაწითელში მევენახე არანაკლებ 1.00 ლარს იღებს.

ამასთან ერთად, საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში მისი დროული დაბინავებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.

მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.