როგორია ამერიკა?
როგორია ამერიკა?

არ ვიცი, ჩვენთან რა წარმოდგენა აქვთ ამერიკაზე. რასაც ვხედავ, საკმაოდ არასწორი, ტენდენციური… მოკლედ, არაობიექტური…

ამიტომ მინდა, პატარა ამბები გაგიზიაროთ.

შერიფი…

უორტონი პატარა ქალაქია ტეხასში, უორტონის საგრაფოს ცენტრია. ისე მოხდა, რომ 1944 წლის აგვისტოში შერიფად აირჩიეს ბ-ნი ლეინი. ადგილობრივმა გაზეთმა „უორტონ ჯორნალ სპექტეიტორმა“ (დღესაც გამოდის უორტონში), გამოაქვეყნა მისი გასაცნობი ბარათი, სადაც შერიფი საკუთარ თავზე წერს.

აი, ამ ბარათის თარგმანი. ზემოთ კი თავად შერიფი ლეინის პორტრეტი, რომელიც უორტონის პატარა მუზეუმშია…

ეს არის ამერიკა, უკომენტაროდ…

„მე ორმოცი წლისა ვარ და უკვე ჭაღარა შემერია მუქ ყავისფერ, ძალიან სწორ და ჯიუტ თმაში. სიმაღლით 5 ფუტი და 7 ინჩი ვარ, მე და ჩემი პისტოლეტი ერთად 143 ფუნტს ვიწონით. მაქვს ყავისფერი თვალები, დიდი ცხვირი და დიდი ყურები.

ჩემი ცოლი, მარგარეტი, ჩემზე უმცროსია და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ჩემი სამი ვაჟი, უილიამი 9 წლისა, ჯიმი 8-ის და ტომი 3-ის, მუდამ ფორმაში მამყოფებენ. მათ არ იციან მამა, მამიკო ან მა-ს თქმა, მაგრამ მშვენივრად იციან, ვინ არის ბაკი, ასე მეძახიან და ეს იყო პირველი სიტყვა, რომელიც მათ ისწავლეს.

მე ამ საგრაფოს 1-ელი რაიონის კონსტებლი ვიყავი ცხრა წელი. უკვე ოთხი წელია შერიფი ვარ და კიდევ მერგო მძიმე ბედი, შემდეგი ორი წელი შერიფი ვიყო. შეიძლება თამამად მიწოდოთ უორტონელი, რადგან ამ საგრაფოში დავიბადე, გავიზარდე და ერთადერთი საგრაფოა, სადაც მინდა ვიყო. დიდად არ მენაღვლება სადმე, სხვა ადგილებში წასვლა.

ახალგაზრდობაში საკმაოდ გაუხედნავი ვიყავი, მაგრამ იმედი მაქვს, ჭკუა ვისწავლე და ახლა, როცა სხვა აცვენილებს ვხედავ, ზუსტად ვიცი, რასა ვგავდი ან როგორ ვიქცეოდი. ასე რომ, კარგად მესმის მათი და ისიც ვიცი, როგორ მოვუარო.

თქვენი მეგობარი

ბაკ ლეინი, შერიფი…“