რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია

საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადებულია, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პარლამენტში მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან უკვე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის მორიგი, მესამე ვადა ოფიციალურად დაიწყო. ამის შემდეგ ერდოღანი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვია, სადაც ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. ამ წუთებში კი საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია უნდა დაიწყოს. მოგვიანებით სტუმრებს სადილზე უმასპინძლებენ, რის შემდეგაც თურქეთის ახალი კაბინეტი გამოცხადდება.

საზეიმო ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებიან. ანკარაში იმყოფება ქართული დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიაში 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“, ნატო-სა და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა. ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ 47.82 პროცენტი მიიღო. ერდოღანისთვის პრეზიდენტობის ეს უკვე მესამე ვადაა.

თურქეთი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. დილიდან თვალს ადევნებს ინაუგურაციის პროცესს „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც. ანკარაში იმყოფებიან თამთა რუხაძე და ზურაბ პატარიძე.

თამთა რუხაძე ისაუბრებს თურქეთის დედაქალაქიდან, ის პრეზიდენტის სასახლესთან იმყოფება.

მოამბე