ანკარაში ფიცის დადების ცერემონიისთვის ყველაფერი მზად არის. ზუსტად ერთ საათში რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარლამენტის შენობაში საპრეზიდენტო ფიცს დადებს და მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან მიიღებს, ამის შემდეგ მისი პრეზიდენტობის მორიგი, მესამე ვადა ოფიციალურად დაიწყება.
ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. თურქეთის დროით 17:00 საათზე კი საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. მოგვიანებით კი სტუმრებს სადილზე უმასპინძლებენ, რის შემდეგაც თურქეთის ახალი კაბინეტი გამოცხადდება.
საერთაშორისო მედიის ყურადღება თურქეთისკენ არის მიმართული, სადაც საზეიმო ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებიან. ანკარაში იმყოფება ქართული დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“, ნატო-სა და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები იღებენ.
შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა. ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ 47.82 პროცენტი მიიღო. ერდოღანისთვის პრეზიდენტობის ეს უკვე მესამე ვადაა.
ანკარაშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას თამთა რუხაძე და ზურაბ პატარიძე აშუქებენ, თამთა რუხაძე ისაუბრებს ახლა თურქეთის დედაქალაქიდან. ამ წუთებში ის პრეზიდენტის სასახლესთან იმყოფება – რა სიტუაციაა დედაქალაქში?