„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეცამეტედ მოიგო

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. კიევში გამართულ ფინალურ მატჩში სამეფო კლუბმა „ლივერპული“ 3:1 დაამარცხა. მატჩის ანტიგმირი ინგლისელთა მეკარე ლორის კარიუსი იყო, რომლის შეცდომების გამო, „ლივერპულმა“ ორი გოლი გაუშვა. ფინალის გმირი კი გარეთ ბეილი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„რეალი“ პირველი კლუბია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, სულ კი ჩემპიონთა ლიგა მეცამეტედ მოიგო.

ზეიმი მადრიდში გაგრძელდა. ფინალის შემდეგ, ათასობით ადამიანი გამოვიდა და სამეფო კლუბის ეს ისტორიული გამარჯვება აღნიშნა.