რა გახდა ანაკლიაში ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან, ზუგდიდის  საავადმყოფოში გადაყვანილ ახალგაზრდას, უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა, – ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის ფესტივალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ორი ახალგაზრდა შეიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო გოგონა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.

რაც შეეხება მესამე ახალგაზრდას, ის კლინიკაში 112-ის ჯგუფმა შეიყვანა და სამედიცინო დაწესებულება მანაც მალევე დატოვა. ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა. შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.