ქართველი სუმოისტის მიერ იმპერატორის თასის დაუფლებას პირველი ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია აფასებს

ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის დაუფლებას პირველი ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია აფასებს. მისი თქმით, ეს ფაქტი იაპონიაში და მთლიანად მსოფლიოში საქართველოს ცნობადობას გაზრდის.

ქართველმა მებრძოლმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი დღეს მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი მესამე ევროპელია სუმოს ისტორიაში, რომელმაც მსგავს შედეგს მიაღწია. ლევან გორგაძემ წლის პირველი ტურნირი მესამე მაეგაშირას რანგით დაიწყო. თასის მოგების შემდეგ კი სუმოს იერარქიაში “სეკივაკეს” ტიტულამდე დაწინაურდება. “სეკივაკე” სუმოს იერარქიის ელიტურ  ჯგუფში მე-3-ე საფეხურია და ის მხოლოდ ჩემპიონების ჩემპიონს – “იოკოძუნას”  და დიდ ჩემპიონს – “ოძეკის”  ჩამორჩება.

ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც  იმპერატორის თასი მოიგო. 30 წლის ქართველი მებრძოლის დებიუტი სუმოში 2006 წელს შედგა, მანამდე ლევან გორგაძე ძიუდოისტი იყო.

ქართველ სუმოისტს გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მიულოცეს.