„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა.

როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და მე – დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის ყრილობა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყრილობის დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – განაცხადა კახა კალაძე.