ქართული კლუბების ნაწილმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მატჩებში ქართული კლუბების ნაწილმა რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
ქუთაისის „ტორპედო“, ბოლნისის „სიონის“ მატჩის დაწყებისას მოედანზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოჩნდა, რომელზეც ეწერა: „საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
ასეთივე მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივი“ და „რუსთავი“. ამ ფორმით გამოხატული პროტესტი უყურადღებოდ არ დატოვა რუსულმა მედიამ. სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებმა ქართული კლუბების ამ ქმედების შესახებ დაწერეს. ერთ-ერთმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფა-ს ქართული კლუბების დასჯაც მოსთხოვა: „ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავსი საქციელის გამო”, – წერს ლებედევი.