ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეორე ტენდერი უკვე გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ ის წისქვილკომბინატები, რომლებიც მზად არიან, პურის ქარხნებს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი კვლავ 53 ლარად მიაწოდონ. ამასთან, როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიზარდა სუბსიდირების თანხის მოცულობაც 10-დან 15 ლარამდე.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რამაც საქართველოში ფქვილის გაძვირებაც გამოიწვია. ქვის პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით კი, სუბსიდიის თანხის გაზრდა გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, მთავრობა პირველი ხარისხის ფქვილს 2020 წლის დეკემბრიდან ასუბსიდირებს. პროგრამა ოთხთვიანია და დეკემბერი-მარტის თვეებს მოიცავს. პროგრამაში 60-მდე პურის ქარხანაა ჩართული.