პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
საქმე ეხება 19 ივლისს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, დაახლოებით 04:35 წუთზე თბილისში მოტოციკლით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას გაჩერება მოსთხოვეს. მოთხოვნას პირი არ დაემორჩილა და მოძრაობა განაგრძო ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.