პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. საუბარია 2 იანვარს, ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მეორეს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. საგამოძიებო უწყების განცხადების მიხედვით, გამოძიება 3 იანვარს დაიწყო, ხოლო მეორე დღეს მუხლი გადაკვალიფიცირდა და ბრალდება დამძიმდა.  ასევე გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს მ.წ. -ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები, რის გამოც ეს პირი გარდაიცვალა, ხოლო მეორემ, ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაპირისპირება კი, გამოძიების ინფორმაციით, მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე მოხდა.

ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 6 იანვარს, საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

დატოვე კომენტარი