პრემიერის მოსმენა ინტერპელაციის წესით

პრემიერი პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდა. ინტერპელაციის წესით დაბარებულ მთავრობის მეთაურს, დღეს ყველაზე მეტი კითხვა იანვრიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებზე, ანაკლიის პროექტზე, „თიბისი ბანკის“ საქმეზე და საპენსიო რეფორმაზე დაუსვეს.

მამუკა ბახტაძემ ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა, რომ „თიბისის“ ორი დამფუძნებლის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას და 2008 წლის საბანკო ტრანზაქციაზე აღძრულ საქმეს, პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს.

გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა აზარტული თამაშების ახალი რეგულაციების მიღებაც დაანონსა.

დღევანდელი ფორმატით ყველა მხარე უკმაყოფილო დარჩა. განცხადებების შინაარსთან ერთად, ოპოზიციამ მთავრობის ხელმძღვანელს საუბრის ტონიც დაუწუნა. შენიშვნები აქვს პრემიერსაც, რომელმაც თქვა, რომ ოპონენტებისგან არგუმენტირებული დისკუსიის ნაცვლად, პოპულისტური განცხადებები მოისმინა.