პრემიერ-მინისტრმა 2017 წელი შეაჯამა

2017 წლის მთავარ მიღწევად, მთავრობა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მიიჩნევს.

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის პირველ და ამ წლისთვის ბოლო სხდომაზე, პრემიერმა 2017 წელი შეაჯამა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გუნდის მთავრი პრიორიტეტი ევროინტეგრაცია იყო. უვიზო მიმოსვლა კი, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი.

პრემიერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ და პრაგმატულ პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2018 წელსაც მნიშვნელოვან მიმართულებად დარჩება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა.

პრემიერმა მომდევნო წელი დიალოგის წლად გამოაცხადა და მოუწოდა მინისტრებს, რომ ხალხთან დიალოგი მათი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახადონ. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის თავადაც აპირებს მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაუროს და გამართოს არა ორგანიზებული, არამედ სპონტანური შეხვედრები ადგილობრივებთან.

პრემიერის თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება.

ღია მმართველობის კუთხით, პრემიერმა დააანონსა ახალი პროგრამა. 2018 წლიდან მისი თქმით, ამოქმედდება პეტიციების ვებ-პორტალი, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი ინიციატივების დაფიქსირების საშუალებას მისცემს.

10 000 ხელმოწერის შემთხვევაში კი, მთავრობას ექნება ვალდებულება განიხილოს ეს პეტიციები და პასუხი აცნობოს ხელმომწერებს.

პრემიერმა ასევე შეაჯამა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გააჟღერა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში დაგეგმილი 2018 წლის ინიციატივები.