გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად უნდა გადავაქციოთ
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად უნდა გადავაქციოთ

საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსადმი ინტერესი სულ უფრო დიდია.

“საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო დიდია. ჩვენ მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული და 2018 წელს საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი ქვეყანა, საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე და ძალიან მაღალ დონეზე უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს იქნება მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგცვემს არა მხოლოდ გერმანიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყანა წარვადგინოთ, როგორც ერთი მხრივ, უძველესი კულტურის ქვეყანა, მეორე მხრივ, დინამიური ქვეყანა ძალიან სწრაფად და საინტერესოდ განვითარებადი კულტურით,  მეცნიერებით და სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება წარმატებული წელი ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, 2017 წელი ტურიზმში ძალიან კარგი წელი იყო.

„ვიზიტორების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით 2018 წელიც იქნება კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.