სტრატეგიული პარტნიორობის გადაწყვეტილება და ექვსი ახალი შეთანხმება ჩინეთთან – ამ შედეგით ტოვებს ქართული დელეგაცია პეკინს. პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ოფიციალური თბილისი ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას ელოდება. პოლიტიკური კავშირების გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა – უკვე ცნობილია ის მიმართულებები, რომლებსაც საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაემყარება. ხელისუფლების პირველი პირები ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდაზეც შეთანხმდნენ.
ბუნებრივია, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ასევე პეკინში გამართულ დღევანდელ ბიზნესფორუმზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განხილვა და შუა დერეფნის მომავალი იყო, რომელმაც უკრაინის ომისა და გლობალური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. გადაწყდა, რომ საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ათი წლის წინ ინიცირებულ ერთი სარტყლისა და გზის პროექტში, რომელიც აბრეშუმის გზის გაფართოებას გულისხმობს და 100-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის, რა შედეგებით სრულდება ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში.