მსოფლიო ლიდერები უკრაინის დასახმარებლად – ხვალ და ზეგ ბერლინი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების შეკრების ადგილი იქნება. გერმანიის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს პრემიერიც. ორი დღის განმავლობაში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ერთად უნდა იმსჯელონ იმ მასშტაბურ ეკონომიკურ ზარალზე, რომელიც ორწლიანმა საომარმა მოქმედებებმა უკრაინას მიაყენა.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისა და რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი რესურსებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. აქცენტი გაკეთდება ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო რეფორმებზე და ამ მიზნის გარშემო კერძო სექტორის მობილიზაციაზე. დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის შემდეგ, ამჯერად ფორუმს გერმანია მასპინძლობს.
კონფერენციაზე წარმოდგენილები იქნებიან ბიზნესსფეროს წარმომადგენლებიც. ბუნებრივია, საუბარი იქნება დახმარების მსხვილ ფინანსურ პაკეტებზე, ასევე ომით დაზარალებული ქვეყნის აღდგენის ხანგრძლივ და რთულ პროცესში გასატარებელ კონკრეტულ რეფორმებზე. საქართველო კონფერენციაში უმაღლეს დონეზე პირველად მონაწილეობს. ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მისამართით ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებებისა და გარკვეულწილად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე, ქართული მხარის მონაწილეობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ბერლინშია, სალომე ქოქიაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში – რა გზავნილებით ჩავიდა ქართული დელეგაცია გერმანიაში?