პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის.

საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში „შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის“ და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” ორგანიზებით იმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან.

23 მაისს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.