გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალ სტუმარ-მასპინძლობის სკოლა Les Roches-ს, რომელიც საქართველოშიმაღალი რანგის მენეჯერების მომზადებას იწყებს
გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალ სტუმარ-მასპინძლობის სკოლა Les Roches-ს, რომელიც საქართველოშიმაღალი რანგის მენეჯერების მომზადებას იწყებს

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches საქართველოში ოპერირებას იწყებს. მსოფლიოს ლიდერი სკოლის პროგრამის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოში და ზოგადად, რეგიონში პირველად განხორციელდება, დღეს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

„დღეს მართლაც ძალიან სასიხარულო დღეა. საქართველო უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ტურიზმის მიმართულებით გამორჩეულად კარგი დინამიკის ქვეყანა და მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს ტურიზმს ეკონომიკის განვითარებაზე. შარშან ჩვენ გვქონდა მართლაც რეკორდული წელი. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას. მეგობრებო, ეს უდიდესი წარმატებაა და სასიხარულოა, რომ აღნიშნული დინამიკა წელსაც გრძელდება, ზუსტად იმავე სიჩქარით იზრდება საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების რაოდენობა. თუ რამხელა გადადინების ეფექტი აქვს ტურიზმს სხვა ისეთ დარგებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობის სფერო და ა.შ. ამაზე აღარ შევუდგები საუბარს.

ერთი რამ ცხადზე ცხადია, დღეს დგება დრო, როდესაც საქართველომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მომსახურების ხარისხზე. სწორედ აქ, ამ დროს, ასეთი ტემპით ზრდის პირობებში, განსაკუთრებულად მწვავედ დგება მაღალი დონის მენეჯერების მომზადების საკითხი ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალ სტუმარ-მასპინძლობის სკოლას – Les Roches, რომელიც საქართველოში შემოდის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე და იწყებს მაღალი რანგის მენეჯერების მომზადებას. ეს ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მისასალმებელი ფაქტია,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და მის დირექტორს, მიხეილ ბატიაშვილს მიღწეული წარმატებები მიულოცა და ბოლო პერიოდში განხორციელებული პოზიტიური სიახლეებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ხდება მსოფლიოს ლიდერი სკოლის პროგრამის მიმწოდებელი, როგორც ლოკალურ ბაზარზე, ისე რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

მისივე თქმით, Les Roches-მა, არსებობის ისტორიაში პირველად მიიღო გადაწყვეტილება, გასულიყო ქვეყნის გარეთ და ამისთვის საქართველო შეირჩა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, საქართველოში Les Roches სკოლის შემოსვლაში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური ჩართულობისთვის.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უმეტეს პრემიუმ კლასის სასტუმროებში გვყავს უცხოელი მენეჯერები. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში მოვამზადოთ მაღალი რანგის მენეჯერები, რომლებიც შეძლებენ, იყვნენ კონკურენტუნარიანები იმ კონკურენტულ გარემოში, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ უდიდეს წარმატებაზე, რომლის შესახებაც მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გუშინ გახდა ცნობილი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში საქართველო უმასპინძლებს, ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით უმაღლეს ლიგაში გადადის და ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი არა 2023 წლიდან, არამედ დღეიდან იწყება.

„დღეს ამის გამოცხადება უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს, პირველ რიგში, ბაკურიანსა და გუდაურში და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო სექტორისთვის იქნება ერთგვარი ენთუზიაზმი ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით და აგრეთვე ეს სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების კიდევ უფრო მაღალი რანგის პრიორიტეტში აყვანას ნიშნავს. პრემიერ-მინისტრმა ამ პროცესში საყოველთაო სახალხო ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ტურიზმის კიდევ უფრო მზარდ, კიდევ უფრო მაღალ დინამიკას ჩვენს ქვეყანაში, საქართველოთი დაინტერესებულ კიდევ უფრო მეტ ადამიანს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა საქართველოში ოპერირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იწყებს. პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

Les Roches პროგრამის პრეზენტაციას Les Roches-ის გენერალური დირექტორი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.