პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ბერა ივანიშვილის მიერ, არხისთვის სატელევიზიო აპარატურის ჩუქების შეთავაზებაზე იმსჯელეს

დღეს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ბერა ივანიშვილის მიერ, არხისთვის სატელევიზიო აპარატურის ჩუქების შეთავაზებაზე იმსჯელეს. საკითხთან დაკავშირებით, ბორდის წევრების აზრი ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ საჩუქრის მიღების შემთხვევაში, არხის იმიჯთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება, თუმცა ბორდის წევრთა უმრავლესობა სატელევიზიო აპარატურის ჩუქების მომხრეა.

საკითხს დღეს ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, ტელევიზიაზე გავლენის მცდელობის სურვილი საჩუქრის გადაცემითაც და მის გარეშეც მუდამ იარსებებს, შესაბამისად, მთავარია შესაბამისი თავდაცვითი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც პირველ არხს კანონითა და სტანდარტებით ისედაც გააჩნია.

სხდომაზე, აპარატურის მხოლოდ ჩუქების საკითხზე იმსჯელეს და საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიიღებენ.

პროცედურულად, თუ აპარატურის ღირებულება არხის მთლიანი ბიუჯეტის 0.1%-ზე მეტია, მაშინ ჩუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბორდმა უნდა მიიღოს. თუ თანხა ამ პროცენტზე ნაკლებია, მაშინ გადაწყვეტილებას მენეჯმენტი იღებს. მიმდინარე კვირის ბოლომდე კი, სწორედ აპარატურის ღირებულება უნდა დაითვალოს.