პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. ორი ალტერნატიული პაკეტიდან დეპუტატებმა მხარი მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას დაუჭირეს.

კანონპროექტის  მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისიდან იცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 1 %-იანი განაკვეთით დაიბეგრება, ნაცვლად 5 % -ისა. მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა კი 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება.

გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება ე.წ. საავანსო გადასახდელები. ასევე, მცირე ბიზნესისთვის ბუღალტერული აღრიცხვის ერთადერთი ვალდებულება სპეციალური ჟურნალის წარმოება იქნება.

განმარტებით ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა. ამ პაკეტისგან განსხვავებით დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ალტერნატიულ პროექტს, რომელიც ევროპულმა საქართველომ წარადგინა. მომხსენებელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუარესებული ეკონომიკური გარემოს პირობებში დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ვერ დაეხმარება.

ევროპული საქართველოს ვერსიაში ნათქვამია, რომ მცირე ბიზნესისთვის დღგ-თი დასაბეგრი ზღვარი ასი ათასიდან ორასი ათასამდე უნდა გაიზრდოს.