პრემიერ-მინისტრი ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებსა და მთელ საქართველოს. ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა. როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს პრეზიდენტიც. „ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. მან წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა,“ – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ელდარ შენგელაიას კინოშედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა, ხოლო ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახს, მის ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას“.
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამენ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა.
ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის ტექსტში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.