კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომლის შემოქმედება არაერთ უნიკალურ ნამუშევარს მოიცავს, მათ შორისაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.
ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში მიიღო. მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან კი გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. სადებიუტო ფილმი თამაზ მელიავასთან ერთად, 1963 წელს გადაიღო.
ელდარ შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და „შერეკილები“.
ელდარ შენგელაიამ 1990 წლიდან პოლიტიკური მოღვაწეობაც დაიწყო, იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი. მიღებული აქვს მრავალი პრემია და ორდენი, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოებას.