პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

12:05, 09.09.2026

გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, მიშელ ჩერვონე დურსოს განცხადებას, რომელიც „თვითნებურ დაკავებებს“ და „რეპრესიებს“ ეხება, „შემაშფოთებელს“ უწოდებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის ოფიციალური პირები უკვე მერამდენედ სრულ წინააღმდეგობაში მოდიან არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაც პასუხს საჭიროებს. პაპუაშვილი წერილში იხსენებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებს, რომელიც მისი თქმით, ნაწილობრივ, ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა. მისივე თქმით, თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე და დაუბრუნდნენ დიპლომატიის ელემენტარულ პრინციპებს,- აცხადებს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გაერო-ში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოს მოუწოდა, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა. დურსომ ეს განცხადება ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე გააკეთა. განცხადებას ასევე შეუერთდნენ ალბანეთი, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაკავებას.

მსგავსი