გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე – მოვუწოდებთ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა

17:27, 08.09.2026

საქართველოს მოვუწოდებთ, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, – ამის შესახებ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ ჩერვონე დურსომ გააკეთა განცხადება.

განცხადებას ასევე შეუერთდნენ ალბანეთი, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.

სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განცხადებაში ცალკე თემატური ბლოკი დაეთმო საქართველოს.

„ევროკავშირი შეახსენებს საქართველოს თავის ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოუწოდებს, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს უახლესი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებითა და ოპოზიციური ფიგურების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომების მიღებით. ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაკავებას. ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველო მოთხოვნას, მოაგვაროს ეს საკითხები, გაუთანაბროს თავისი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში დემოკრატიულ ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად“, – განაცხადა მიშელ ჩერვონე დურსომ.

მსგავსი