პაველ ჰერჩინკის განცხადებას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა: ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ 17 მაისს – ერთიანს, მტკიცეს. „ამ ფონზე, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტული, არამედ პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია“. „მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც თუ იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“. ასე იყო უწინ, ასეა დღესაც: ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა; სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები; სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის, სიღატაკისთვის გვწირავენ; ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ, გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი, წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული“.