პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ბოლნისის მუზეუმის შენობაში გასვლითი სხდომა გამართა.
სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირების საკითხი განიხილეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხორციელდება. კომიტეტმა ცვლილებების ინიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა.
სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებები. ცვლილებების თანახმად, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა განისაზღვრება არანაკლებ 2000 ლარით, ორივე აკადემიის სტიპენდიანტებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის აღნიშნული თანხა კი ნაცვლად დღეს არსებული 1000 და 900 ლარისა, 1250 ლარით განისაზღვრება. კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელფასო მინიმუმთან დაკავშირებით ცვლილებები ძალაში 2025 წლის პირველი სექტემბრიდან შევა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას კი შესაძლებლობა მიეცემა წევრ-კორესპონდენტები, კანონის გამოქვეყნებისთანავე აირჩიოს. კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, კომიტეტი აქტიურად მუშაობს კონცეფციის შემუშავებაზე და ამ მიმართულებით უკვე შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება და არსებული საკანონმდებლო ბაზა. ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციას კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშავებს და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს.