ორი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან – 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი დაახლოებით 15:00 საათისთვის ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, ადამიანები მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრიდან გამოიძახეს გადარჩენილმა პირებმა. სამაშველო ვერტმფრენმა ტერიტორიიდან 210 ადამიანი გაიყვანა. მსხვერპლი მოჰყვა შოვში სამძებრო სამუშაოებსაც – ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა – შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი სიკვდილის მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან რვა თვის შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაწერა, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და გაფრთხილების სისტემა სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების საველე კვლევის შედეგად დადებული დასკვნის მიხედვით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოწოლილი კლდეზვავი მყინვართან შევიდა კონტაქტში. ამ პროცესს მყინვარის ჩამონგრევა და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება მოჰყვა. ზედაპირზე კლდეზვავის ხახუნმა მყინვარი უსწრაფესად გაადნო და წარმოქმნა ღვარცოფი, რომელიც ხეობისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. დასკვნის მიხედვით, ღვარცოფული მასა წამში საშუალოდ 24 მეტრს ფარავდა. ამ გათვლით ღვარცოფულმა ნაკადმა შოვის ე.წ. კოტეჯებამდე დაახლოებით 7-10 წუთში მიაღწია.