უკრაინაში ომის 44-ე დღეს, რუსი სამხედროები ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში შეტევას განაგრძობენ. რთული ვითარებაა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. თუმცა, უკრაინელმა სამხედროებმა ზოგიერთ რაიონში მტერს უკან დაახევინეს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს ცნობას, რომ რუსმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს რამდენიმე დასახლების მიმართულებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა 14. ნიკოლაევის მერი კი ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად აღადგინეს კონტროლი ნიკოლაევის ოლქზე. მისივე თქმით, საოკუპაციო ძალები განაგრძობენ დაბომბვას. მათ კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზე. დაზიანდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს რაიონის გათავისუფლება. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი ომის ახალ ფაზაში გადაყვანას ცდილობს, რაც ომის გაჭიანურებს გულისხმობს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთით, რუსული ძალების გადაჯგუფებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. დონბასში დიდი ბრძოლისთვის, რუსეთი ლუგანსკის ოლქში სამხედრო ძალების შეყვანის პროცესს ასრულებს, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, 7 აპრილის დილიდან ბრძოლა მიმდინარეობდა რუბეჟნოეში, რომელიც უკრაინელი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა. უკრაინული მედია წერს, რომ რუბეჟნოეს ბრძოლაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და ცოცხალი ძალა დაკარგეს. სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსი სამხედროები რუბეჟნოეს განუწყვეტლივ ბომბავენ არტილერიით, „გრადებით“, „სმერჩებით“, ქალაქ პოპასნოეს კი – ავიაციით. გაიდაი ამბობს, რომ პოპასნოეში რუსი სამხედროები ყველაფერს ანადგურებენ, რადგან შეტევაზე გადასვლის დროს სურთ ტერიტორია ადვილად გაიარონ.