ომი უკრაინაში - 73-ე დღე

ომის 73-ე დღე უკრაინაში – რუსეთის საოკუპაციო ძალები სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განაგრძობენ. უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსული ძალები განაგრძობენ შეტევას ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე. ოკუპანტები ცდილობენ, დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ყირიმის მიმართულებით. ამავე ცნობის მიხედვით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე გრძელდება უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკადა. ოკუპანტები სამრეწველო კომპლექსის შტურმს განაგრძობენ.

დროებით ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში ოკუპანტები იღებენ მთელ რიგ ზომებს რუსული საოკუპაციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული რეჟიმის მხარდასაჭერად. ტერიტორიაზე გაიზარდა საგუშაგოებისა და მობილური პატრულების რაოდენობა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში რუსულ აგრესიას 223 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 410 მცირეწლოვანი.