ომი უკრაინაში - 219-ე დღე 

გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ტერიტორიებზე ხუთი სარაკეტო და 11 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. დამატებით 100 დარტყმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. დაზარალდა 50-მდე დასახლება. ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ დილით რუსებმა ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 23 და დაშავებულია 28 ადამიანი. ისევ დაიბომბა დონეცკის ოლქი, დაიღუპა რვა და დაშავდა 17 ადამიანი. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ქალაქ მიკოლაევში. დაშავებულია 8 პირი.

პარალელურად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა 11 მიმართულებით მოიგერიეს ოკუპანტების შეტევები. ამასთან ერთად, რუსების პოზიციებზე განხორციელდა რამდენიმე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა, განადგურებულია ოთხი სამეთაურო პუნქტი, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 უბანი და საბრძოლო მასალის ექვსი საწყობი. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში რუსების ძალები ალყაში მოაქციეს და სამი მიმართულებიდან ცდილობენ შეტევის განხორციელებას.