ნონა გაფრინდაშვილის თასს ზუგდიდმა დადიანების სასახლის ეზოში უმასპინძლა

ნონა გაფრინდაშვილის თასს დღეს ზუგდიდმა დადიანების სასახლის ეზოში უმასპინძლა. ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა ერთდროულად ათ დაფაზე ითამაშეს. ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე საქართველო ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. მასში მონაწილეობს 190-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, 4000-მდე მოჭადრაკე და სხვა ოფიციალური პირი მიიღებს.

საქართველომ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა. 1998 წელს მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ფიდემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

ნონას თასი უკვე საქართველოშია და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი თასის მოგზაურობას საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს.