ნინო ზაუტაშვილი პარლამენტს მიმართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაიწყოს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის საკითხზე, ვინაიდან ის ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. საქმე ეხება მაუწყებელში მიმდინარე პროცესებსა და  პირველი არხის თანამშრომლების ნაწილისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლას. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით დაინტერესების თხოვნით ნინო ზაუტაშვილი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართავს. ასევე, აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს მაუწყებლის ფინანსური საქმიანობით.

პროფკავშირები არასწორ მენეჯმენტზე საუბრობს და არსებულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ ყველა ბრალეული პირის გათავისუფლებას ითხოვს.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის 58 თანამშრომელს მენეჯმენტმა კონტრაქტების ცვლილება და საჰონორარო სისტემაზე გადასვლა შესთავაზა, რაც მათთვის მიუღებელია. დასაქმებულები აცხადებენ, რომ საკითხი სამსახურიდან დათხოვნას უდრის.

შეთავაზებაზე ხელმოწერის ვადა გუშინ ამოიწურა. უარის შემთხვევაში მაუწყებელი თანამშრომლების ამ ნაწილთან კომპენსაციის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს.

პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ მაუწყებლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესთავაზეს, ორგანიზაცია სამართლებრივი პროცედურით მოქმედებს.