ნატოს სამიტის შედეგები

უკრაინა სამიტის შედეგებით იმედგაცრუებულია, თუმცა ზელენსკის ტონი გუშინდელთან შედარებით დღეს შერბილდა.

უკრაინის პრეზიდენტი ნატოში „მაპის“ გარეშე გაწევრიანებაზე შეთანხმებისთვის ორგანიზაციას მადლობას უხდის და ახლა ალიანსისგან სამხედრო შეიარაღების მიწოდებას და უსაფრთხოების მეტ გარანტიას ითხოვს. ომის ფონზე გამართული სამიტიდან უკრაინამ ნატოში გაწევრიანების მიწვევა ვერა, თუმცა 3-ელემენტიანი დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს ამოქმედებასაც გულისხმობს. რაც შეეხება წევრობის პერსპექტივას, გზავნილია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ომის დასრულების და წინაპირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეუერთდება. ნატოს წევრების ნაწილი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები ვილნიუსში მიღებულ გადაწყვეტილებებს არასაკმარისად მიიჩნევენ და არ მალავენ, რომ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო.