მზექალა შანიძე 100 

ადამიანი, რომელსაც ქართული ენის დაცვისა და განვითარების საქმეში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს.

ქართული ენის მცველი – ასე მოიხსენიებენ ცნობილ ქართველ ფილოლოგს, ენათმეცნიერსა და აკადემიკოს მზექალა შანიძეს, რომელიც 100 წლის გახდა. ძველი ქართული ხელნაწერების სპეციალისტის და მამის, აკაკი შანიძის საქმის გამგრძელებლის იუბილე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს და ბევრი ისაუბრეს მის დამსახურებებზე. განსაკუთრებულია მზექალა შანიძის წვლილი უძველესი ქართული ხელნაწერების შესწავლის საქმეშიც – ამ მისიით ის სინას მთაზე სამჯერ იმყოფებოდა. ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სპეციალისტი და მკვლევარი არაერთი წიგნის, სტატიისა და სამეცნიერო კვლევის ავტორია. მიღებული აქვს საპატიო თბილისელის სტატუსი, არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.