მზადება არჩევნებისთვის და ოპოზიციის მოთხოვნა

ოპოზიციის დღის წესრიგში აქტიურდება არჩევნებში ქართველი ემიგრანტების მონაწილეობის საკითხი.

ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდას მოითხოვს. ოპონენტები საკონსულო აღრიცხვის პროცედურის გართულებაზე საუბრობენ და პროცესს მიღმა ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ. ოპოზიციური პარტიების პოზიციით, მმართველი გუნდისადმი კრიტიკული განწყობების გამო „ქართული ოცნება“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების საარჩევნო უფლებას ხელოვნურად ზღუდავს. ბრალდებას არ იღებს მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტებს საარჩევნო კანონმდებლობის წაკითხვას ურჩევს და დამატებითი უბნების გახსნისთვის საჭირო გარემოებებს ახსენებს. რატომ არის საკონსულო აღრიცხვის პროცესში დაბალი აქტივობა – საარჩევნო პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების აქტიურად ჩართვა და საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის საჭირო პროცედურების გამარტივება ოპოზიციონერი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო გზავნილია.