თუშეთი მთის დღეებს მასპინძლობს – მთავრობის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიება ომალოში უკვე მესამედ იმართება. ადგილზე მისულ სტუმრებს მთის ამ რეგიონის კულინარიის ნიმუშებით გაუმასპინძლდებიან, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი ღონისძიებები. ომალოში ჩატარდება დოღიც. მთის დღეების ფარგლებში, ადგილობრივი ანსამბლები მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს წარმოადგენენ, საღამოს კი სცენას ჯგუფი „ფრანი“ და დიჯეი დაიკავებენ.