მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარადგინა. პუბლიკაციაში, რომელიც წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ივნისში გამოდის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვართან შედარებით გაუმჯობესებულია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით, 2025 წელს კი 5%-ით გაიზრდება, რაც შესაბამისად 0,4%-ით და 0,5%-ით მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში ჰქონდა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც წარმოადგინა. ბანკის შეფასებით და პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ამ ექვსწლიან პერიოდში ჯამში 53,1%-ით იზრდება, რითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც განხილულ ექვსწლედში ერთნახევარჯერზე მეტად ზრდის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.