ანაკლიის პორტის თემა აქტუალობას არ კარგავს აშშ-სთვისაც – ახალი მძიმე გზავნილები ვაშინგტონიდან. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაკეთებულ მწვავე განცხადებებსა და მოწოდებებს ოფიციალური თბილისი შანტაჟად აცხადებს. საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასების დროს დასახელდა პირობები, რომელთა შესრულებას აშშ სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის ძველ ნიშნულზე დასაბრუნებლად აუცილებლად მიიჩნევს. არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება მთავარი მოწოდებაა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის გამოსვლაში მწვავედ იყო გაკრიტიკებული მაისში პროტესტის ფონზე მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, ასევე ანაკლიის პორტში ჩინური კონსორციუმის შემოყვანა.
მოსმენიდან რამდენიმე საათში კიდევ ერთი მძიმე გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – სამხედრო წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადებისა და სავიზო შეზღუდვების შემდეგ, 95-მილიონიანი დახმარების შეჩერება დაანონსდა.