მოლაპარაკებები სოჭში  

როგორც ვიცით, მას შემდეგ, რაც სირიასა და ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მარცხი ოფიციალურად გამოცხადდა, ტერორისტებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა თბილისში განვითარებული მოვლენები ამ ტენდენციას, მაგრამ ფაქტია, რომ სირია სამეზობლოში გეოპოლიტიკურ პრობლემად რჩება. ახლო აღმოსავლეთის საკითხი ამჯერად სოჭში განიხილება, სადაც, არასაკურორტო სეზონის მიუხედავად, სტუმრების სიმცირეს არ უჩივიან. შავიზღვისპირა ქალაქში რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ სირიელ კოლეგას უმასპინძლა, შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა, მოგვიანებით კი სირიის სამშვიდობო პროცესზე სასაუბროდ თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები მიიწვია. თუმცა, როგორც ირკვევა, სამმხრივი ფორმატის ინიციატივების პარალელურად სირიის მიმართ თურქეთს საკუთარი დღის წესრიგი აქვს.