ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება. გუშინ საღამოს, ევროკავშირის ელჩების დონეზე გამართულ სხდომაზე, წევრმა სახელმწიფოებმა მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. უნგრეთმა, რომელიც ამ დრომდე წინააღმდეგი იყო და ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა.
მომდევნო ეტაპია სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც სწორედ 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად სტარტს აიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
შეგახსენებთ, ევროკომისიაში 7 ივნისს დაადასტურეს, რომ უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ევროინტეგრაციის რეფორმებთან დაკავშირებით, დადებითი ზეპირი შეფასება გაიცა.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები მიულოცა, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მალე საქართველოც მათ რიგებს შეუერთდება.