მინდელის შახტში კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 6 აპრილს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

რა გახდა ტყიბულში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი. მინდელის შახტში კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე არსებულ მდგომარეობას, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების შესაბამისი უწყებების თანამშრომლები სწავლობენ.

ექვსი დაღუპული და სამი დაშავებული მეშახტე – ბოლო წლების განმავლობაში ეს ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებაზე დასაქმებულთა დაღუპვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მსგავსი ტრაგედიების უმრავლესობა გაუფრთხილებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო ხდება.

საქნახშირში დღევანდელი ტრაგედიის მიზეზად ე.წ. სამთო დარტყმას ასახელებენ, რის გამოც, შახტში ჩამოიშალა ქანები, ჭერის ჩამონგრევამ კი გვირაბში ჰაერის ძლიერი დარტყმითი ტალღა გამოიწვია. ამ ტალღის შესახებ საუბრობს ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მეშახტე.